სკოლები და ინსტიტუტები ზრდიდნენ შვილებს ჩვენი ქვეყნისას, საზღვრებს იცავდნენ თავდასხმისგან ჩვენი შვილები, მეცნიერება მიიწევდა სინათლისაკენ, კეთდებოდა ყველაფერი ის, რაც სჭირდება ძმობას, სიყვარულს და აღმავლობას. ასეთი იყო ჩვენი ძველი კეთილი წელი. ახლა ადალი გვარგუნა ღმერთმა ნათლისამ და სასოებამ. კვლავ გველოდება გაზაფხული შრომისა და აყვავებისა. მე გისურვებთ ჩემო სულიერო შვილებო დიდ ძალოვნებას თქვენი სულისას და ხორცისას, რომ კიდევ მედგრად გადადგათ თქვენი მადლიანი და შეუპოვარი ნაბიჯი კაცობრიობის უკეთესი მომავლისაკენ.
ქართველი ხალხი შრომობდა მედგრად სხვა ძმებთან ერთად და მოყვასთან ერთად, ოფლი აწვიმდა მიწას და დაზგებს, მაგრამ ეს ოფლი იყო არა ჭირის და იძულების, არამედ ლხენის, სიხარულისა და დოვლათის დაგროვებისა; ოფლი, რომელიც არჩეულ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯისათვის დაიღვარა.
განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით მე მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, რომელნიც ცხოვრობთ ჩვენი მამულის საზღვრებს გარეთ; თქვენ არ ხართ დავიწყებულნი, ჩვენ გვახსოვხართ და ყოველთვის ვლოცულობთ თქვენთვის. არ დაივიწყოთ თქვენი სამშობლო - მზიური საქართველო, მის კურთხეულ მიწაში განისვენებენ თქვენი დიდებულნი წინაპარნი, გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს. ჩვენი საერთო მიზანია - ვიყოთ ერთად.
ძნელბედობის დროს აშენებდა ქართველი ხალხი ჩვენს ეკლესიებს; თქვენ იცით, რომ მრავალსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ. ჩვენ ვიბრძოდით, ღმერთი გვწყალობდა და ღვთისმშობელი მფარველობდა ჩვენს ერსა და ჩვენს ეკლესიას. ჩვენს მამა-პაპათ უყვარდათ მაცხოვარი იესო ქრისტე და ქრისტეს წმიდა ტაძრები. არავის დაანებეს ისინი გასაქელად და დასანგრევად, ისე გადმოგვცეს შვილებსა და შთამომავლობას. ჩვენი ვალია ვუპატრონოთ მათ დანატოვარს, იმავე მგზნებარე გულით გვიყვარდეს ყოველივე ეს, როგორი გულთაც ისინი აშენებდნენ მათ.
რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე?! ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ!
თანამედროვე ახალგაზრდობას არ შეიძლება დავწამოთ ინდიფერენტიზმი. ეს არის მოაზროვნე, მაძიებელი, ნიჭიერი ახალგაზრდობა, ძიება ახალგაზრდობისა, მისი უნარი მსხვერპლის გაღებისა, სწრაფვა მეცნიერებისაკენ - ყოველივე ეს მისი სულის ძალასა და სიდიადეზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რაც გაყინული, უძრავი, უსიცოცხლო და უსულოა, არ იწყნარებს. ბევრს გაუჩნდა წყურვილი ნამდვილი სახარებისეული ცხოვრებისა, დღეს ბევრს უფრო სულიერი სიმდიდრე აინტერესებს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანმა გაიგო რა არის სიმდიდრე. ვის აკურთხებს იგი, ვის აბედნიერებს, ვის ალამაზებს, ვის ჰმატებს სიკეთეს და გონიერებას? დღემდე - არავის.
დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის სულიერი დაუძლურების, არამედ მისი კეთილდღეობისათვის, ამ სიტყვის გლობალური გაგებით.
ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა „წამებაი წმიდისა შუშანიკისა“, მთელს მსოფლიოში უსაჩინოესი „ვეფხისტყაოსანი“ და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმიდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში, და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში.
ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას. უპრეცედენტო, მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს. დღეს, როდესაც ასეთი თავგამოდებით ვზრუნავთ სხეულზე და ვივიწყებთ სულს, შეძენისა და მოხვეჭის ორომტრიალში გართულთ გვავიწყდება, რომ ამ დროს ერთდროულად ვკარგავთ სულსაც და ხორცსაც.
ყოველმა მეცნიერმა უნდა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს, რას მოუტანს მისი ნაღვაწი ხალხებს: სიკეთეს თუ დაღუპვას. ა.ეინშტეინი ამის შესახებ წერდა: „როდესაც მე თავი მეცნიერებას მივუძღვენი, ვხელმძღვანელობდი არა ისეთი გარეგნული მოტივებით, როგორიცაა ფულის მოპოვება, ან საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და არც იმით (უკიდურეს შემთხვევაში, არა მხოლოდ იმით), რასაც ხშირად სპორტად თვლიან ან ტვინის ვარჯიშად, რაც დიდ სიამოვნებას მაყენებს. არამედ როგორც მეცნიერებისაკენ მიდრეკილისათვის, ჩემთვის ძირითადს ერთი საკითხი წარმოადგენს. რა სურს, ან რა მიზანს ისახავს ის მეცნიერება, რომელსაც მე თავი მივუძღვენი? რამდენადაა მისი ძირითადი შედეგები დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან“.
ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით. ჩვენთან დღესაც ბევრი რამ იქმნება ზოგადკაცობრიული და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერის ნათელ მომავალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია. მე მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ქართველი ერი დღესაც შობს ახალ რუსთაველსა და ბარათაშვილს, ახალ ბექა ოპიზარსა და თავდადებულ დიმიტრის. ჩვენი ერის გენია სწორედ იმაშია, რომ ქართველი კაცი გაართმევს თავს ამ სირთულეს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
დღეს იმდენად გამწვავებულია საერთაშორისო მდგომარეობა, რომ მსოფლიო მშვიდობას ემუქრება. ასეთ ვითარებაში საეკლესიო მოღვაწეებმა და ეკლესიის გარეშე მდგომმა ადამიანებმა, თავიანთი შესაძლებლობები მსოფლიო კატასტროფის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის უნდა გააერთიანონ
ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო განმსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშმარიტებას და წუხდნენ, როცა ვერ პოულობდნენ მას. ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი სულის სიდიადეში: ჩვენი მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არამედ აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ.
კეთილი და ერთგული ცოლი - ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის [...] ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა. დედობის ძირითადი ფუნქციის შესრულება განსაზღვრავს მის საერთო სახეს, მის ღირსებას, როგორც ადამიანისას, გამაგრძელებელს კაცთა ნათესავისა. ძნელია გაგება ქალისა, რომელიც გაურბის თავის ძირითად მოვალეობას - დედობას. ასეთ ქალს ეუფლება ეგოიზმი, ზედმეტი სიყვარული თავისი თავისა, სწრაფვა დროსტარებისაკენ, მას ეუფლებიან სხვადასხვა სახის ვნებანი და იმ უნაყოფო ხეს ემსგავსება, რომელზეც სახარებაშია საუბარი. დღევანდელ პირობებში ქალების დიდი ნაწილი დგას პრობლემის წინაშე - იმსახუროს და თან შვილებიც აღზარდოს.
ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები სათანადო ყურადღებას უთმობენ ძველქართული დამწერლობის გავრცელების საქმეს, მაგრამ ქართული ანბანის ტაბულებისა და პარალელური ტექსტების გამოცემა არ მოგვცემს იმდენ სარგებლობას, რამდენსაც ძველი დამწერლობის თანმიმდევრული შესწავლა. ყოველმა საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა ხუცური წერა-კითხვა
მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს! [...] დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. [...] ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია.
განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ მუსულმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღემუდამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის შეერთებისათვის.
დღეს, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საუკუნეში, ეკლესია ასრულებს უდიდეს მისიას, აღსავსეა ღვთაებრივი ენერგიით და აქედან გამომდინარე მადლმოსილი ნიჭით, აქტიურ მონაწილეობას იღებს ერის ცხოვრებაში, მშვიდობის დაცვის დიად საქმეში, ურთიერთგაგებისა და სამართლიანობის დამყარებაში.
მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს. ომისა და მშვიდობის პრობლემა საერთო პრობლემაა. იგი მოიცავს და აღელვებს ყველას, განურჩევლად მისი რელიგიურ-კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგანაც ყველა გრძნობს ბირთვული კატასტროფის საფრთხეს
მრავალი ადამიანი თავის ბედნიერებას სხვადასხვა გარემოებას, სიმდიდრეს, მდგომარეობას, ცოდნას უკავშირებს, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვერ პოულობს. მაინც რა არის ბედნიერება? ეგებ სულაც არ არსებობს იგი, ეგებ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ? არა, ბედნიერება, ნეტარება ნამდვილად არსებობს; ეს არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა. ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი...
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.
უეჭველია, მსოფლიო პროგრესული ძალების აქტიური ბრძოლის შედეგად ბირთვული კატასტროფის საფრთხე აცილებული იქნება და იზეიმებს მშვიდობა, როგორც ნიშანი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.
განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მშვიდობისაკენ სწრაფვა მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მრავალ მხარეს ავლენს. ამ მიზნის მთელი სიდიადე დამაჯერებლობით ცხადყოფს, რომ ასეთი ურთიერთობა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა. საქართველოს ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას.
ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანის შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა. [...] აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია.
ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხვადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ და აუცილებელნი არიან პიროვნებისა და საზოგადოების ნორმალური განვითარებისა და არსებობისათვის.
[...]
დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევის მიზნით მეცნიერებამ ახლა კოსმიზაციის პროცესი დაიწყო. კაცობრიობას ემუქრება ატომური ომის საფრთხე, შექმნილი ბირთვული ენერგიის მარაგი უდიდეს საშიშროებას წარმოშობს და ზღუდეს ქმნის კაცსა და ბუნებას შორის.
მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისათვის. გამალებული შეიარაღება შთანთქავს აურაცხელ თანხებს, რისი გამოყენებაც ცხოვრების ნორმალური პირობების შენარჩუნებისათვის გაცილებით საჭირო და აუცილებელი იქნებოდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მშვიდობისმოყვარე მოწინავე კაცობრიობა, სიხარულითა და იმედით შეხვდა ცნობას ჟენევაში ორი დიდი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურთა მოლაპარაკების შესახებ. ვფიქრობ, დადგა დრო ასეთი შეხვედრების აუცილებლობისა, რადგანაც მათი დადებითი შედეგი გავლენას იქონიებს არა მარტო მოლაპარაკების მონაწილე მხარეებზე, არამედ მთელ სამყაროზე.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...
რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შესცვლის.
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომლის მსგავსს არ იცნობდა წინარე ქრისტიანული მსოფლიო.
დროის ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვფიქრობთ სამყაროს ბედზე, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე.
„დასავლეთი არის დასავლეთი, აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი და ადგილიდან მათ ვერ დაძრავ“, - წერდა XIX საუკუნეში ცნობილი მწერალი კიპლინგი. მას აღმოსავლეთი და დასავლეთი მიაჩნდა განსაკუთრებულ, დროითა და სივრცით დაყოფილ ცივილიზაციებად, რომლებიც ვითარდებიან არა მარტო დამოუკიდებლად, არამედ განსხვავებული კანონებითაც.
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რობოტების მრავალმილიონიან ჯარს, თუ ამ უსულო მანქანების მონად იქცევა კაცი? შეეფარდება მეცნიერულ პროგრესს პიროვნების შესაძლებლობათა განვითარება მაშინ, როდესაც ტექნიკური წინსვლა მომავალში გაცილებით სწრაფი იქნება?
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
დღეს, როგორც არასდროს მთელი კაცობრიობა ესწრაფვის მშვიდობას, მშვიდობას ბირთვული იარაღის გარეშე. სიკვდილის იარაღი ადამიანმა დააგროვა ისეთი რაოდენობით, რომ ძალის პოლიტიკით საუბარი უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი პოლიტიკური აზროვნება; მორატორიუმი, რომელიც ბირთვულ აფეთქებებზე ცალმხრივად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიერ, სწორედ ამ ახალი აზროვნებით იყო ნაკარნახევი. გულისტკივილით შეხვდა მსოფლიო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ამ დიდმნიშვნელოვანი წინადადების უგულვებელყოფას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მორატორიუმის უარყოფა საერთაშორისო დაძაბულობის შენელების უარყოფაა.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს; თანდათან უფრო შემაშფოთებელია, მისი რღვევის ნიშნები. მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი, მასზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი […] კარგა ხანია გაჩნდა ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია. […] ქალმა დაიწყო თავისი ადგილის ძებნა ოჯახის გარეთ. ცივილიზაციამ, ცივმა განსჯამ, პრაქტიციზმმა გამოიწვია მისი ფაქიზი ქალური ბუნების რღვევა. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. ქალები მიილტვიან ოჯახიდან, რადგან იგი მათთვის მძიმე ტვირთად იქცა. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება. შეიცვალა მისი მზერა, მიმოხვრა, მისი იერი. [...] დროსტარების სურვილი, მოდის აყოლა, ხვალინდელი დღის შიში, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ყოველდღიური უარყოფითი განცდები, თანდათან განდევნიან მის სილამაზეს.
მამაკაცთან გათანაბრების სურვილი ქალისათვის შეჯიბრად იქცა და ძალიან საეჭვოა, რომ ეს შეჯიბრი მისი გამარჯვებით დამთავრდეს.
ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კაცი ეჩვევა უზრუნველ ყოფას; მთელ საქმეს ქალის იმედზე ტოვებს, თვითონ კი იმაზე ფიქრობს, დრო როგორ გაატაროს, როგორ გაერთოს. მაშინ, როცა მის ცოლ-შვილს უჭირს, უჭირს ეკონომიკურად, ფიზიკურად თუ სულიერად.
ასეთი ოჯახები ხშირად ირღვევა. მეუღლენი ერთგულებას რომ უმტკიცებდნენ ერთმანეთს, შორდებიან. ღვთის ანაბარა რჩება ერთდროს საყვარელი, ახლა კი ავადმყოფი ცხოვრების მეგობარი; და იღუპება იგი თავისი უბედურებით, მარტოობითა და შეურაცხყოფით.
აქამდე როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლების მიზანი იყო მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რასაც ნაკლებად ვაღწევდით. ახლა კი ისეთ დროს ვცხოვრობთ, რომ აღარ არის საკმარისი პიროვნება იყოს სპეციალისტი; ის ამავე დროს სულიერად და ინტელექტუალურად განვითარებული მოქალაქეც უნდა იყოს.
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.
თანამედროვე ადამიანი ნაწილია სეკულარული ეპოქისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი, დაკარგა სიყვარული და რწმენა კაცისა; პიროვნება დარჩა ჩაკეტილ მიწიერ წრეში, მატერიალურ ღირებულებათა სამყაროში. იგი დაბნეული უყურებს ეკლესიას. აქ ხედავს ის თავის უკანასკნელ იმედს და ნუგეშს. ამიტომაც ჩვენზე, ჩვენს მოძღვრებზე, ჩვენს მრევლზე დღეს უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
საქართველო კი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ანუ V საუკუნემდე, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ჩვენი სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას. მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულია პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები.
საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხოვრება, სამყარო; კიდევ უფრო ფართოდ გაგვიხსნა გული, გააფაქიზა ჩვენი გრძნობები, მოგვცა ნიჭი სხვისი მწუხარებისა და სიხარულის გაზიარებისა.
რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას. ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.
ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიად გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი, ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა [...]
მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.
9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში იკითხება საგანი, რომელსაც „ზნეობრივი ღვთისმეტყველება“ ეწოდება. თუ ღვთისმეტყველება ჯერ კიდევ მიუღებელია ჩვენს სკოლებში, ზნეობა ხომ აუცილებელია. საგანს დავარქვათ „ზნეობრივი კულტურა“ და შევიტანოთ იგი სკოლის პროგრამაში.
[...] ალბათ, ყველაზე სასურველია, სკოლები დაიყოს კლასების მიხედვით, ერთი სკოლა იყოს პირველი კლასებისათვის, სხვა - მეორე კლასებისათვის და ა. შ. ანდა ერთი სკოლა დაწყებითი კლასებისათვის, მეორე - მოზარდთათვის და ა, შ., სამწლიანი შუალედით თითოეული.
[...]
მიგვაჩნია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება შეგვიძლია, თუ შეიქმნება I კლასიდან დამამთავრებელ კლასამდე სასკოლო კურსი ღრმა აზროვნების სწავლებისათვის, სადაც გამოყენებული იქნება ღვთისმეტყველების, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის... მონაპოვარი, ჩვენი ერის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი (თეორიული მასალა აუცილებლად მაგალითებით უნდა იყოს განმტკიცებული).
ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, იმ გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ.
თანამედროვე ადამიანის აზროვნება ზედაპირულია, მოკლებულია ღრმა განსჯას, რასაც მეცნიერები რადიოს, ტელევიზიის, პრესის, კინოს, თეატრის და ინფორმაციის სხვა საშუალებების სიმრავლით ხსნიან.
მიტინგებისა და გაფიცვების სახით ევროპიდან შემოსულმა პროტესტის თუ აზრის გამოთქმის ამ ფორმამ დრო მოჭამა, ხალხი შეეჩვია მას, დაიღალა და უკურეაქცია გაჩნდა. [...] მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა კეთილად გამოყენება, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია და პარტიების სიმრავლე უკვე საუკუნეობით არსებობს, გამომუშავებულია კამათის ეთიკა. ჩვენთან კი ეს არც იყო და არც არის. ჩვენი სულიერი და კულტურული დონე იმდენად დაბალია, რომ კამათის დროს გადავდივართ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე, მუქარაზე, არ ვერიდებით არც ცოცხალს, არც მკვდარს.
ამ საშობაო ეპისტოლეში მინდა მივმართო საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას: რუსებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ბერძნებს, სომხებს, ესტონელებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ქურთებს და სხვათ. დანო და ძმანო ჩვენნო, მამაშვილური სიყვარულით შეგახსენებთ, რომ თქვენც ჩვენი ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველნი. საქართველოში არასოდეს ყოფილა ვინმეს შევიწროება ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით; თქვენ იყავით და კვლავაც იქნებით ჩვენი ძმები და ამ დამოკიდებულებას ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. გახსოვდეთ, ქართველთა ბედნიერება თქვენი ბედნიერებაცაა. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, ჩვენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის.
მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროში ვცხოვრობთ, როცა დგება საშიშროება დამანგრეველი ძალადობის ბატონობისა, პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.
ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის. სამწუხაროდ, პირად ინტერესებსა და შეხედულებებს საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები ეწირება.
კარგად უთქვამთ: სკოლა ისეთია, როგორიც არის საზოგადოებაო.
საზოგადოება, როგორც ვიცით, დაავადებულია; შესაბამისად დასნეულებულია სკოლაც. ჩვენი საშუალო სკოლა კონსერვატულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს. ჩვენთან კი პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი არც ოჯახში, არც საზოგადოებაში და არც მოსწავლეთა შორის. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში მოწაფეს არ უყვარს სკოლა და არც აღმზრდელნი.
[...]
ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები.
[...]
იქნებ სჯობდეს, სკოლის პროგრამა და საგნები ცალ-ცალკე შეიქმნას ჰუმანიტარული და ტექნიკური განყოფილებებისათვის. ე.ი. გაგვეხსნა ერთი ტიპის სკოლები ჰუმანიტარებისათვის, მეორე ტიპისა კი - მათთვის, ვისაც ტექნიკური საგნები იტაცებს, მაგრამ ისე, რომ ორივე სახის სკოლებში დარჩენილიყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სხვებთან ერთად, ისწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველება. საშუალო სკოლის პროგრამაშიც შეიძლებოდა შეგვეტანა ეთიკა.
ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომაც ჩვენს მოქმედებას ხშირად გრძნობები წარმართავს, გრძნობა კარგია, იგი გულიდან მომდინარეობს, მაგრამ არ არის საკმარისი, აუცილებელია გონების, ზოგჯერ ცივი გონების კონტროლი, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საქციელის შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგები.[...] დიახ, ეს ქართულ ხასიათში დევს და იგი ჩვენი დიდი ნაკლია. ასე ცხოვრება არ გამოგვადგება. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგ, რადგანაც ეს „შემდეგ“ ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის შეიძლება საბედისწეროდ იქცეს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგიური აღზრდა, არ იცნობენ მართლმადიდებლობას და მტკიცედ არ დგანან თავიანთ სარწმუნოებაზე.
მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება „უმწიფარი“ კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი „სრულწლოვანება“ საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაცობრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.
ვერ ვხედავთ ზღვარს ცოდნასა და განათლებას შორის. ვერ ვგრძნობთ, რომ განათლება უფრო მეტის მომცველია, ვიდრე ცოდნა. ამიტომაც, ყველა მცოდნე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება. განათლება, ინტელექტი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მაღალ ზნეობას, რწმენას, სიყვარულს, სულიერობას.
ქართველ ხალხს მიმბაძველობისაკენ ლტოლვა ახასიათებს. ეს კარგია, თუ სასარგებლოს სწავლობ ანუ გაქვს ნიჭი თეთრის და შავის გარჩევისა, მაგრამ საშიშროება სწორედ იმაშია, რომ ხშირად განსჯის უნარი გვეკარგება და ცალმხრივად ბრმად ვიღებთ სხვისი ცხოვრებისა თუ აზროვნების წესს.
თანამედროვე ეტაპზე მეტად აუცილებელია სხვა სახელმწიფოთა მიმართ სწორი დამოკიდებულების გამომუშავება. დღეს მსოფლიო ჩაბმულია ერთობლივ პროცესებში. ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ ინტელექტუალურად წამყვანი ძლიერი ქვეყნები ნებით თუ უნებურად ერევიან სხვა ერების ცხოვრებაში და არ აძლევენ მათ საერთო ჯაჭვიდან ამოვარდნის საშუალებას; ეს კი დიდ საფრთხეს უქმნის მცირერიცხოვანი ხალხების სულიერ და კულტურულ თვითმყოფადობას. იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენც. დასავლეთის ქვეყნებისაგან საქართველოს პოლიტიკურად ისეთი დიდ საშიშროება არ ემუქრება, რამდენადაც მორალური და ზნეობრივი. ჩვენთვის ასევე დამაბრკოლებელია მათი ინდიფერენტულობა ეროვნული და სარწმუნოებრივი საკითხებისადმი.
ცარიზმის გამთიშველი პოლიტიკის წყალობით სომხები XIX ს-ში განთავისუფლებულნი იყვნენ გადასახადისაგან. ბევრმა ქართველმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება. დღეს ეს ხალხი ფაქტიურად დაკარგულია საქართველოსათვის. ეს ერთი მხარეა საკითხისა.
ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა.
უნდა ვიზრუნოთ ერის სულიერი ამაღლებისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულნი შევხვდეთ დასავლეთის ქვეყნების „უცხო კეთილდღეობას“, თორემ იმ მადლსა და თვითმყოფადობასაც დავკარგავთ, რაც წინაპართაგან რაღაც ფორმით დღემდე მაინც შევინარჩუნეთ.
მატერიალიზმის დღემდე არსებული ფორმა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მის სხვა სახეს - ტექნოკრატიზმს და ეკონომიკას. საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა.
რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრების და უზნეობის მსხვერპლი გახდება. პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს, ეს ღვთის კანონია. ასე რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენგანის შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვს.
ჩვენ ამასთან მოწმენი ვართ იმისა, თუ რამდენი ახალგაზრდა უანგაროდ ეწირება საქართველოს მიწა-წყალის დაცვას აფხაზეთში, რაც ერის სულიერი პოტენციალის გამოვლინებაა. ორასი წელია საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ამ ომმა გაგვახსენა, რომ სამშობლო მხოლოდ კი არ გვაძლევს, მსხვერპლსაც ითხოვს ჩვენგან
ჩვენ აუცილებლად უნდა შევითვისოთ სხვათა გამოცდილება და მიღწევები, ოღონდ საკუთარ საფუძველზე დაყრდნობით. მხოლოდ მაშინ იქნება იგი ღირებული ჩვენი ხალხისთვის და ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ასე შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ქართული კულტურა და დღესაც ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.
ჩვენ საქართველოს ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა კავშირი გვექნება მეზობელ ქვეყნებთან, საერთოდ გარე სამყაროსთან. ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირად ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს კარგავს. ამიტომ სხვა ქვეყნებთან შეხებისას წონასწორობის დაცვა გვმართებს.
უნდა აიკრძალოს ამორალური და ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. საზოგადოებაში ისედაც დიდი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, ეს კი უფრო აძლიერებს ამგვარ ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძაბავს.
გვეგონა იმპერიიდან გამოსვლისას ხალიჩებს დაგვიფენდნენ. მოსალოდნელი კი, ახლანდელთან შედარებით, უფრო უარესი მდგომარეობა იყო.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებს, რომლის პროგრამებიც კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს. სკოლებშიც და ინსტიტუტებში სრულიად არ ექცევა ყურადღება ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას.
[...]
დაწყებით და საშუალო სკოლებში მეტად სასურველია იკითხებოდეს სულიერი და ზნეობრივი კულტურის კურსი, [...] ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი.
[...]
უნდა ვიჩქაროთ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატიური სკოლის შექმნა. საქართველოს ამ მხრივ, როგორც წარსულში, ისე ახლა, დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს.
ეკონომიკურმა პრობლემებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ სხვებისგან მოწვდილ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან.
მეოცე საუკუნე, რომელმაც შვა ორი მსოფლიო და მრავალი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მანამდე არნახული ტოტალიტარული რეჟიმი, ისტორიაში შევა არა მარტო როგორც სოციალ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა ხანა, არამედ, უფრო მეტად, როგორც საშინელი ძვრების, არაადამიანობის, აგრესიულობის, გულგრილობის, აპათიის, შურის, ბოროტების საუკუნე.
სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.
ხშირად წარსულით ვამაყობთ, გუშინდელი დღით ვცხოვრობთ, მაგრამ მარტო წინაპართა დამსახურების გამო თვითკმაყოფილებას არ შეიძლება მივეცეთ. ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეულმა თავის ადგილზე უნდა იშრომოს და ყველამ ერთი დიდი მიზნისაკენ ისწრაფოს. ასე რომ არ ვცხოვრობდით, ამიტომაც მოხდა ის, რომ ორი საუკუნის განმავლობაში ვიფიქრეთ, ვიოცნებეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ხოლო როცა დრო დადგა, ამას მოუმზადებელნი შევხვდით. ჩვენ თავს თვითონვე შევუქმენით გადაულახავი წინააღმდეგობები და პრობლემები; ეს იმიტომ, რომ ჩვენში ზნეობისა და სულიერობის დონე დაბალია; ღვთის კანონებით რომ გვეცხოვრა, ამდენ უბედურებას ავცდებოდით.
დღეს ჩვენ მოდუნებულნი ინერციით ვცხოვრობთ. მუდმივად ველით დახმარებას სხვებისგან: ზოგნი დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან, სხვანი სამანეთო ზონიდან... მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ საკუთარ თავს, ვერვინ გვიშველის. ყველა ქვეყანას, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერსაც, თავისი პრობლემები აქვს და არც მოწყალებას იღებს ვინმე უანგაროდ და უმიზნოდ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით.
[...]მიხედეთ მიწას: მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, ამუშავდეს ჩვენი წარმოებები, ქარხნები, ფაბრიკები, აყვავდეს მეურნეობები.
ყველა გრძნობს, რა ძნელია მიწის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს მძიმეა მიღება მიწის პრივატიზაციის კანონისა.
მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი: არის ღირებულებანი, რომელიც ამათუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
ეკონომისტებმა და სხვა სპეციალისტებმა უნდა შეიმუშაონ და მოსახლეობას მარტივი და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდონ, რათა მიწაზე შრომას შეუჩვეველ ადამიანებს სწორი ორიენტაციის არჩევაში დაეხმარონ. [...] ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, რომელთაც მსგავსი პერიოდი გაიარეს. თუ მათ რჩევას დავეყრდნობით, ჯერ მიწის დროებითი მფლობელობის 10-15 წლიანი გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვაცხადოთ. ამ გარდამავალ პერიოდში მიწა სოფლის და ქალაქის მოსახლეობას გაყიდვის უფლების გარეშე უნდა დაურიგდეს. საქართველოს იმ რაიონებმა, რომელიც მიწის ნაკვეთებით მდიდარია, უნდა გამოყოს და ქალაქელებს გადასცეს ფართობები დროებითი სარგებლობისთვის. ნაკვეთი იმხელა მაინც უნდა იყოს, რომ ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს. ამასთან, ასეთი მიწის მფლობელებს გაერთიანების უფლებაც უნდა ჰქონდეთ, რათა მიწა შეერთებული ძალით დაამუშაონ.
რა თქმა უნდა, ევროპაში კარგიც ბევრია, მაგრამ ეს კარგი ჩვენთვის უცხოა და ძნელად მისაღები. სულიერად ასევე უცხოა ჩვენთვის აღმოსავლეთი. ჩვენი მწუხარება და სიხარული ვერ ერგება მისი აზროვნების წესს, თუმც მიმზიდველია მისი კულტურა და უძველესი ფილოსოფია.
მინდა განსაკუთრებით მივმართო მათ, ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცულნი, რადგან სამშობლოში ახლობლები, ნათესავები, მეგობრები გყავთ, რომელნიც განსაცდელის ჟამს გვერდში დაგიდგებიან, იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი? აუცილებლად დადგება დრო უკან დაბრუნებისა და დაგისვამენ კითხვას, სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს უჭირდა? საზღვარგარეთ შეიძლება სასწავლებლად ან საქმიანი ვიზიტით წასვლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქაური სიძნელეებისთვის თავის არიდების მიზნით, - ეს მოქალაქისთვის უღირსი საქციელია.
წარსული ათწლეულების ძირითადი სიმძიმე ეკლესიას და ინტელიგენციას დააწვა, რადგანაც ისინი განსაზღვრავენ ერის სულიერ და გონებრივ პოტენციალს, ამიტომაც დიდი იყო სურვილი მათი დამონებისა ან განადგურებისა. [ინტელიგენცია] აცნობიერებს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე ირღვევა საფუძველი ჩვენი კულტურისა, იკარგება ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული სახე. ამიტომაც იგი თანდათან აქტიურად ებმება ეკლესიის ცხოვრებაში, მის მეცნიერულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობაში.
საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერობა იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განახლებისა.
პირადად ჩემთვის აფხაზეთი მეტად ძვირფასია, თერთმეტი წლის მანძილზე ვიყავი მღვდელმთავარი ამ ეპარქიისა და კარგად მახსოვს ის სითბო, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა, რაც სუფევდა ქართველებს, აფხაზებს და სხვა ერის წარმომადგენელთა შორის. ამ სიყვარულის მოსპობას ვერავითარი მტრული ძალა ვერ შეძლებს, რადგან იგი ხელოვნურადაა შექმნილი, ის ურთიერთობები კი - ბუნებრივად აღმოცენებული.
კარგია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ეკონომიკის შესწავლას, თუმცა შეცდომებს, ალბათ, ვერ გავექცევით. როდესაც ახალი ტიპის მეურნეობების შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიცოდეთ წარმოების არა მარტო მეთოდები და შესაძლებლობანი, არამედ მოხმარების ზღვარიც. ცხოვრება უნდა დავინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა შევისწავლოთ მისი კანონები, რათა არარეალური გეგმები არ დავსახოთ.
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ხანაში, მოზღვავებული ინფორმაციისა და სწრაფად ცვალებადი მოვლენების გავლენით ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი ადგილი, დაკარგა შეგნება თავისი ღირსებისა, როგორც ღვთის ხატებისა და დედამიწაზე მისი მადლისა და ჭეშმარიტების მთავარი მატარებლისა.
სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს კურსი საოჯახო ეთიკისა. ამით ჩვენს ბავშვებს წესრიგს, პატიოსნებას, პირად ჰიგიენას, სამუშაოს გეგმაზომიერად განაწილებას შევასწავლით.
ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.
ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას.
სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. [...]
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება.
დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცხოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენასა და მის დაგროვებაზე ზრუნვა, ამიტომაც აუცილებელია პიროვნების ჰარმონიული განვითარება, მისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის ზრუნვა.
ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცემების საშუალებით, - რომელიც ზედაპირულ ინფორმაციას იძლევა მხოლოდ.
[...] ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებული მსწრაფლცვალებადი ყოველდღიური ინფორმაციები და სუსტი შთაბეჭდილებები კი გულმოდგინე შრომისა და მუყაითობის სურვილს უკარგავენ ახალგაზრდებს.
აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, ქრისტიანული ეთიკით იხელმძღვანელოს და ჩვენს ტრადიციებზე და მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე დაყრდნობით ეროვნული სახელმწიფო ააშენოს.
დროა, ყველამ გააცნობიეროს ისიც, თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უცხო რელიგიებისა და ტოტალიტარული სექტების თარეში. ამ რამდენიმე წლის გამოცდილებამ ნათლად გვიჩვენა, რომ ისინი უარყოფენ და შეურაცხყოფენ ჩვენს ეროვნულ გრძნობებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიასა და სიწმინდეთ და ათასობით ადამიანს ჭეშმარიტების გზას აშორებენ. მართალია, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანისა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქე სულიერი აგრესიისაგან, მით უმეტეს, რომ სექტების მოქმედება უკვე ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურია სამი ძალის - ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება. უნდა შეიქმნას ავტორიტეტული კომისია და გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. დამღუპველი იქნება შედეგი, თუ აღზრდის პროგრამა და მოქმედება არ იქნება შეთანხმებული ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის.
განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს პროგრამა ჩვენი მომავალი თაობის სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისა. სკოლადამთავრებული ახალგაზრდა მომზადებული უნდა იყოს როგორც ოჯახური ცხოვრებისათვის, ისე საზოგადოებრივი პრობლემების გადასალახად. იგივე ითქმის სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებზეც. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფრით ვერ ვთავისუფლდებით ძველი სტერეოტიპებისა და სტანდარტებისაგან. განათლების პროგრამების შემუშავება კი დაუშვებელია ანთროპოლოგიის, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, სოციალური ფილოსოფიის გაუთვალისწინებლად.
უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვმართებს გატაცება მხოლოდ დასავლეთის ან აღმოსავლეთის, თუნდაც ჩრდილოეთის ან სამხრეთის კულტურით. არამედ ერთგულნი უნდა დავრჩეთ ჩვენი ტრადიციის, ჩვენი სულიერი და მატერიალური ღირებულებების. „ჩვენ ჩვენი უნდა ვშვათ მყოობადი“, - როგორც ბრძანებდა დიდი ილია. ამასთან, უნდა შევინარჩუნოთ საუკეთესო ურთიერთობები ყველასთან, მივიღოთ მათგან ის, რაც ჩვენთვის სასურველია და უხვად გავიღოთ ის, რაც მათ სჭირდებათ და რისი გაცემაც შეგვიძლია.
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.
[...]
მამაკაცი ბუნებით ლიდერია და ესწრაფვის იყოს წინამძღოლი ოჯახისა. მამაკაცური ძალა ძლიერია და მიზანდასახული. მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე
სტატისტიკა მოწმობს, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ და ცივილიზებულ ქვეყნებში უფრო მეტად ჭარბობს სულით დაავადებულთა და სულიერად გადახრილთა რიცხვი, ასევე ბევრია თვითმკვლელთა რაოდენობა ახალგაზრდებში, რადგან ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები ძირითადად ოდენ მატერიალური ყოფით იფარგლებიან და ბედნიერებას ეძებენ იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის.
ამ წელს ზეიმით აღინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის 10 წლისთავი. ეს სასწავლებელი იძლევა თვალსაჩინო მაგალითს მაღალი სულიერობისა და ასევე მაღალი აკადემიური დონისა.
ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს, აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ბიზნესის ძირითადად ორი ნაწილისაგან - უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენებისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის საწინდარია.
[...]
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები უშვებენ, ის არის, რომ გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ, დიდ საქმეებს ეჭიდებიან და სწრაფად გამდიდრება სურთ.
სინამდვილეში კი, წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოცდილება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოვო.
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება.
სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას, მკვლელობასა და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.
ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.
საქართველო აბრეშუმის დიდი გზის ქვეყანაცაა და ამიტომაც ოდითგანვე გავლენას განვიცდიდით როგორც დასავლეთიდან, ისევე აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კომპიუტერი (ინტერნეტი)... ახალ ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგისთვის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მას მრავალი უარყოფითი მხარეც ახლავს, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ინტელიგენციამ, ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ ღრმად უნდა გააანალიზონ, რისი მიღება შეიძლება და რისი არა.
ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარტავნება უდევთ: ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.
საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს. ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა, და თუ დღეს მაინც მშვიდობით ვხდებით შობა-ახალწელს. ეს კვლავ ღვთის დიდი წყალობაა.
ათეისტური ზეწოლისაგან განთავისუფლებული ხალხი მზად არის გულის კარი გაუღოს უფალს, მაგრამ, ვინაიდან ვერ არჩევს, თუ სად არის ჭეშმარიტება, ადვილად ექცევა ცრუმოძღვართა გავლენის ქვეშ და გადარჩენის ნაცვლად თავის სულს მარადიული სიკვდილისათვის წირავს.
დღეს საქართველოში აქცენტი ე.წ. კანონის უზენაესობაზე კეთდება, ამიტომაც როგორ კანონებსაც მიიღებს სახელმწიფო, ეს განაპირობებს ქვეყანაში მიმდინარე არა მარტო ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს, არამედ ხალხის სულიერ მდგომარეობასაც.
დემოკრატიული წყობის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ ასეთ ქვეყნებში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან სხვის ღირსებას, თავისთავადობას, და ქმნიან პირობებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების სრული გამოვლენისათვის. ჩვენთან კი ზოგიერთნი სწორედ დემოკრატიის სახელით უპირისპირდებიან იმას, რაც განაპირობებს ერის ინდივიდუალობასა და თვითმყოფადობას
[...]
ევროპისაგან ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვიმეორებ, არ უნდა დავკარგოთ ის ჩვენი ტრადიციული, რაც ჭეშმარიტად ღირებულია და ამასთან მათთვისაც მისაბაძია და დასაფასებელი.
სწორედ თვითმიზნად ქცეულმა ეკონომიკურმა პროგრესმა ანტიჰუმანური ნაყოფი გამოიღო და ამ გზით მავალ თანამედროვე საზოგადოებას თვითგანადგურების საფრთხე შეუქმნა.
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს სექტების დამღუპველი მოქმედების შესახებ და იმის თაობაზეც, რომ თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება. შედეგი კი ჯერ არ სჩანს.
დღეს, მაგალითად, ე.წ. იეღოველებზე ტელევიზიაც და პრესაც ალაპარაკდა და შეშფოთებას გამოთქვამენ. რადგან უკვე ათეულობით შემთხვევაა იმისა, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო ამ სექტის მიმდევარნი გარდაიცვალნენ.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი ეკონომიკურად, აუცილებლად დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება, რადგან ცხოვრების ასეთი წესი ნაყოფია თავისი თავის აბსოლუტიზაციისაკენ მიმართული, ყველაფრის ლეგიტიმიზაციის მოსურნე გონებისა, რომლისთვისაც აღარაფერია წმიდა და რომელიც თავის თავს გაუცნობიერებლად, ძირფესვიანად თვითონვე სპობს.
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ისე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.
რაც შეეხება უშუალოდ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აქ მეუღლეთა შორის თანასწორობაა. ქმარი არ არის პატრონი თავისი სხეულისა, არამედ ცოლი; და ასევე, ცოლი არ არის განმგებელი თავისი სხეულისა, არამედ ქმარი. ქმარს არა აქვს უფლება განეშოროს ცოლს მისი დასტურის გარეშე და ასევე ცოლს - ქმრის უნებართვოდ.
ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის.
გაუგებარია, საზღვარგარეთ, ათასობით კილომეტრის დაშორებით, სრულიად უცხო გარემოში მშობლები როგორ უშვებენ შვილებს (თუნდაც სწავლის მიზნით) იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მათი ყურადღება, შეწევნა, მზრუნველობა. ვის ხელში მოხვდება ეს ახალგაზრდა, რა წრეში იტრიალებს, ცხოვრება რა გამოცდას მოუწყობს, არავინ იცის.
თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.[...]
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს ასეთი იდეოლოგია. ამიტომაც, უკიდურესობებში ვვარდებით და პრობლემებიც გვიათმაგდება. ხომ არ დადგა დრო, საერთო სახალხო დაბრაზის შექმნისა, რომელიც ყველა ფენიდან შეკრებს ჯანსაღ, გონივრულ წინადადებებს და მასალას მოუმზადებს ხელისუფლებას იდეოლოგიის განსაზღვრისათვის?
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ. სწორედ ისინი უნდა დადგნენ ჩვენი სულიერი და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე.
დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოს სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება (ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა, ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის, რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს.
ფსევდოკულტურა, რომელიც ასე ეძალება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას, აშორებს მას ჭეშმარიტ კულტურასა და ხელოვნებას. დაპირისპირება ამგვარ მდარე, უგემოვნო, და ნამდვილ კულტურას შორის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ჩვენი ხალხი და რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო, აშკარაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პრესაც და ტელევიზიაც საეჭვო ღირებულების უცხოურ ხელოვნებას უწევს პროპაგანდას. იმედი მაქვს, ქართველი ერი, უფლის წყალობით, ნამდვილსა და ყალბს ერთმანეთისაგან ადვილად გაარჩევს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით თავის შინაგან „მესაც“ დაიცავს გადაგვარებისაგან.
დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და ამავე დროს მეტად რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?!
საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თავდადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონოდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა.
ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოვლენაა ცენტრალიზებული, წინასწარ დაგეგმილი ეკონომიკის შეცვლა თავისუფალი საბაზრო ცხოვრების წესით. ტოტალიტარულ რეჟიმს შეჩვეული ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ვერ უღებს ალღოს დროის მოთხოვნილებებს და დაბნეული სასოწარკვეთილებაში ვარდება.
სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და ათასგვარ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.
ზოგიერთები ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ თავის ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად თავადაც იმეორებენ იმასვე.
პირველ რიგში უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის სიუჟეტების მქონე ფილმების ჩვენება, ამასთან არ უნდა დავუშვათ სექსუალური აღზრდის შესახებ ცალკე საგნის სწავლება; ამ მხრივ ბავშვებს ეთნიკური ნორმების დაცვით სათანადო ცოდნა შეიძლება მიეცეს ანატომიისა და ზოგადი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტიურად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ. მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
მსოფლიოს გლობალური კომპიუტერიზაციის პროცესის ფონზე ინტერნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებები ხშირად ავრცელებენ ნეგატიურ დამთრგუნველ ინფორმაციას, სთესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი, არყევენ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებულ ცხოვრების სულიერ საფუძვლებსა და აღვიძებენ მდაბალ ინსტიქტებს. შედეგიც სახეზეა, - თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას გარკვეულ წილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა, ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს.
„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მომივლია და მამულის ასეთი მტკივნეული განცდა სხვაგან არსად მინახავს. ეს გრძნობა განსაკუთრებით უნდა შეინარჩუნონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა და ყველაფერი გააკეთონ, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან დიდხანს ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი კარგავს ეროვნულ თვითშეგნებას.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენ ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა; ცალმხრივობა არც დღეს გამოგვადგება. ჩვენთვის ახლობელი უნდა იყოს ყველა; ზომიერება ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობაა, - ასეთია ღვთის განგებულება.
არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო პოლიტიკურ მოღვაწეთაც და სასულიერო პირებსაც, რომ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ერი და, ამდენად, მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ყოვლად დაუშვებელია. სასულიერო პირებს, წმ. სინოდის დადგენილებით, აკრძალული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უშუალოდ მიღება და ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიისა თუ ცალკეული პიროვნებისადმი საჯაროდ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უმთავრეს საკითხებში ჩვენს ჩაურევლობას (როგორიცაა, მაგ.: ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება, სოციალური პრობლემები და სხვ.).
ყოვლად გაუმართლებელი იყო ტოტალიტარული რეჟიმი (თუმცა ესეც ღვთის ნებით დაიშვა); ასევე გაუმართლებელი იქნება უკიდურესი ლიბერალიზმიც. ჩვენ ყოველთვის დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა მექანიკურად გადმოგვქონდა ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების წესი. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, და ბუნებრივია, განიცდის მათ გავლენას, მაგრამ ჩვენი ღირსება სწორედ ის იქნება, თუ ჭეშმარიტ რწმენასა და ეროვნულ ღირებულებებს შევინარჩუნებთ, სხვათა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ამ ყოველივეს დროის მოთხოვნილებებს შევუსაბამებთ.
მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და დაიჯერა თავისი შესაძლებლობების უსაზღვრობა. წარმოიშვა უკიდურესი ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა, რის საფუძველზეც მოხდა ცნობიერების განშორება რწმენისა და სულიერი ფასეულობებისაგან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულვებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური შესაძლებლობების უკონტროლო ზრდა. რა თქმა უნდა, ტექნიკური პროგრესი თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოებამ არ მოინდომა სულიერი ღირებულებების შენარჩუნება, რათა მათ შორის არ დარღვეულიყო ბალანსი.
საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას. დღესაც, თბილისსა და აჭარას შორის წარმოქმნილი პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულმა ძალებმა სცადეს ქართველებსა და აჭარლებს შორის დაპირისპირებად წარმოეჩინათ. ამ პროვოკაციას ჩვენმა ხალხმა. მათ შორის აჭარის მოსახლეობამაც საკადრისი პასუხი გასცა, - ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, გვაქვს ერთი კულტურა და ერთი ისტორია. ჩვენი განუყოფელი ნაწილია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.
ბოლო დროს მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია ბავშვების სექსუალური აღზრდის პროექტმა. ის, რაც კულუარულად იყო ცნობილი, ალბათ, ვერ განხორციელდება საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო. ჯერ-ჯერობით უცნობია მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სასწავლო პროგრამებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ უნდა დაეკისროს; განათლების რეფორმა ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და, რადგან საქმე ერის მომავალს ეხება, მისი განხილვა ფართო საზოგადოებრიობის მსჯელობის საგანად უნდა იქცეს.
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, - პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის პოლიტიკა ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, კონფლიქტური ან თავდაცვითი ტაქტიკა სამართლიან, ურთიერთხელსაყრელ და კონსტრუქციულ დიალოგად უნდა იქცეს. საჭიროა ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდეს. ვფიქრობ, ამისთვის საუკეთესო გზაა ჩვენი და უცხოელი მეწარმეებისა და მეცნიერების ერთობლივი პროექტების შემუშავება (სადაც ქვეყნის ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული), კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობა, ცივილიზაციათა დიალოგი. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა ერის თვითმყოფადობას.
ადამიანი მორალს იმდენად დასცილდა, რომ დამკვიდრდა ე.წ. „თავისუფლება“, ანუ პრინციპი - ყველაფერი ნებადართულია. [...]
ამ ზღვარდაუდებელი „თავისუფლების“ სახელით დღეს ურცხვად გვთავაზობენ გარყვნილების ლეგალიზაციას, სკოლის ასაკიდანვე ბავშვების გახრწნას, უხამს კინოპროდუქციას; შეუძლებელია არ გაგაოცოს სატელევიზიო პროგრამებით ძალადობის, ყაჩაღობის, მკვლელობის პროპაგანდამ, ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობამ, რაც ჩვენს დაბალ კულტურასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფლება, ეს არის მონობა ცოდვისა და მანკიერებისა, ესაა გზა თვითგანადგურებისა და სულიერი სიკვდილისა.
განსხვავებულია არაეკლესიურთა დამოკიდებულება თავისუფლებისადმი. ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თავისუფლება არის ის, რის უფლებასაც აძლევს მათ ხელისუფლება, ან ესა თუ ის იდეოლოგია [...] მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. მათი აზრით, მაგ. სიტყვის თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის „თავისუფალი სიყვარული“, ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც, ხოლო აღმსარებლობის თავისუფლება - ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფების ტრადიციულ რელიგიებთან გათანაბრებას. ასეთი „თავისუფლების“ შედეგია პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობები, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი.
მშვიდობიანი თანაარსებობაა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოში არსებულ სხვადასხვა კონფესიებს შორის; და ეს დადასტურებულია ორმხრივი განცხადებებითაც, რომელიც 2002 წელს გაფორმდა. მათი სურვილი იურიდიული სტატუსის მიღებისა ჩვენის მხრიდანაც არის მხარდაჭერილი და ვიმედოვნებთ, იგი მალე განხორციელდება.
საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. ამ ფუნქციის აღსრულების გამოხატულება იყო მაგ. აფხაზებთან და ოსებთან შერიგების დაწყება. ამ პროცესს ახლახან, 25 დეკემბერს, ჩაეყარა საფუძველი და, ვიმედოვნებთ, პრობლემების მიუხედავად, იგი შეუქცევადად განვითარდება.
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე, და მან შექმნას რაიმე ღირებული. შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და ააშენოს სრულფასოვანი სახელმწიფო.
უნდა შეიკრას ჯაჭვი, - მე, შენ, ჩვენ ერთმანეთისთვის და საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ნაბიჯები უპირველეს ყოვლისა უნდა გადაიდგას ჯარში და განათლების სფეროში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის დასაქმება, - მცირე და საშუალო ეროვნული ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ადგილობრივი პროდუქტით ჩვენი ბაზრის შევსება და სამამულო წარმოებისათვის პრიორიტეტის მინიჭება
უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ ცხოვრებამ ჩვენს საზოგადოებას ეს სამი ძირითადი საყრდენი [ღირსება, თავისუფლება, პასუხისმგებლობა] გამოაცალა. პოსტიმპერიულ საზოგადოებებს კი ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი ,,კეთილი“ ბატონის ძიებისაკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ეწოდოს. როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მაქსიმალური დამსგავსება და მონური ლტოლვა მისდამი, საკუთარი ფასეულობების უგულებელყოფის ხარჯზე.
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან დაშორებული.
ქართული საზოგადოება წინ აღუდგა აფხაზთა მუჰაჯირობის (გადასახლების) პროცესსაც, ვინაიდან აფხაზები ოდითგან ჩვენი კულტურის და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყვნენ და არიან.
ასევე ჩვენი ნაწილი არიან ოსები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, აფხაზებისა და ოსების ბოლო თაობები იმ იმპერიულ ისტორიოგრაფიაზე გაიზარდნენ, რომელმაც მათ ქართველებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.
ეს იყო ნელი მოქმედების იდეოლოგიური ნაღმი; ამ ნაღმმა ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძმობა და ერთობა დაგვარღვევინა. მაგრამ ჩვენს შორის არსებული ნათესაური, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამო მტერმა მიზანს ვერ მიაღწია.
შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და იგი ვაქციოთ მისაბაძად, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქვეყნის კულტურის, რელიგიისა და ტრადიციისა. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების საზოგადოებებს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. ამისი დადასტურებაა იაპონიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, ნორვეგიის და სხვათა მაგალითი. ვფიქრობთ, ჩვენთვის ბევრის სწავლა შეიძლება ისრაელის სახელმწიფოს მაგალითზე, რომელმაც უმოკლეს დროში მოახერხა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროში მიეღწია დიდი წინსვლისათვის და ამასთან აეშენებინა ტრადიციული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.
[...]სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და ისედაც ვიცი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში, ოფიციალური და წამყვანი ტელევიზიებით თითქმის არსად არ უჩვენებენ ძალადობის, ნარკომანიის, აღვირახსნილობის ამსახველ ფილმებსა და გადაცემებს, თუმცა არსებობს საკაბელო ტელევიზიები, სადაც მსგავსი მიმართულება დომინირებს, მაგრამ მათი მომხმარებლები დაბალ სოციალურ-კულტურულ ფენას განეკუთვნებიან და ამასთან, სათანადო გადასახადსაც იხდიან.
ის ძალები, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს უპირისპირდებიან, ეკლესიის წინააღმდეგაც გამოდიან და სურვილი აქვთ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით იგი წარმოაჩინონ სხვა კონფესიების უფლებების დამრღვევად და ამის ერთ-ერთ მიზეზად კონსტიტუციურ შეთანხმებასაც ასახელებენ. ისინი რელიგიური თავისუფლების მოტივით, ითხოვენ ყველას თანასწორუფლებიანობას, მაშინ, როდესაც მსგავსი სამართლებრივი მოდელი არც ერთ ტრადიციულ სახელმწიფოში არ არის.
ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭით; ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენ წილად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სიწმინდე, უკერველი კვართი ქრისტესი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს განუყოფელი ეკლესიისა, რომლის სწავლებასაც ოცი საუკუნეა შეურყვნელად იცავს ჩვენი ხალხი [...] ამ სამ საგანძურს [მამული, ენა, სარწმუნოება] თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ერის მთლიანობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.
საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი კაცობრიობისათვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმდეს და გამოვიდეს იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება.
ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაცია, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენს წინაპართა ძალისხმევით არასდროს დაგვიკარგავს თვითმყოფადობა.
ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია. [...] მრავალ დარგში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მკვლევარები ჰყავს. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს; მის ჩამოყალიბებას დიდი თანხა და დიდი დრო სჭირდება. გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია.
კაცობრიობამ შექმნა ბრძოლის ახალი ფორმა - ინფორმაციული ომი. ქვეყნებისა და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება დღეს ძირითადად ამ საშუალებებით ხორციელდება; მომავალში კი მას, ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. [...] საჭიროა მთელმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ქართულმა დიასპორებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მსოფლიომ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს ჩვენი ისტორიის, კულტურისა და დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ სხვადასხვა უცხო ენაზე შეიქმნება ინტერნეტგვერდები, გამოიცემა ბროშურები და წიგნები, გაიმართება შეხვედრები და კონფერენციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაშიც დიდი როლის თამაში შეუძლიათ უცხოეთში ამჟამად მცხოვრებთ ჩვენს თანამემამულეებს. მოხარულნი ვიქნებით, თუ ისინი ხელისუფლებასთან ერთად ჩვენს დაგვიკავშირდებიან და ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვიმოქმედებთ.
ტერიტორიული მთლიანობა მუდამ იყო ქვეყნის პრიორიტეტი. იგი დღესაც ჩვენი ხელისუფლებისა და ყოველი ჩვენგანის მთავარი საზრუნავია. თანამედროვე ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. თუმცაღა, უპირველეს ამოცანად, მაინც საქართველოს ერთიანობისათვის ზრუნვა რჩება და არ არსებობს მისი სანაცვლო სხვა ღირებულება.
მეცნიერებასთან ერთად და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და რადგანაც საზოგადოება ფაქტობრივად არის ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა), განათლების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებელში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის გარანტი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც არის ნარკომანია და სხვა მანკიერი გამოვლინებები.
უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს გააჩნია მეტად ძვირფასი ბუნებრივი რესურსი მტკნარი წყლის სახით, რომლის მნიშვნელობაც და ღირებულებაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, ვფიქრობთ, საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში, ეს ბუნებრივი რესურსი და მისი ექსპლოატაცია სახელმწიფო სექტორში აუცილებლად უნდა დარჩეს და გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მკვეთრად გაიზარდა და დიდი მოგების მიღების მიზნით მოდიფიცირებული და გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების წარმოებაზე ორიენტირებული ქვეყნების სოფლის მეურნეობა მაღალ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. ჩვენ საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძინებს სოფელს.
ზოგიერთმა პატარა სახელმწიფომ თავი დაიმკვიდრა მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებით. მაგ. სამხრეთ კორეამ, ისრაელმა, ფინეთმა... ეკონომიკის ამ დარგში სერიოზული განაცხადისათვის ჩვენს ქვეყანასაც გააჩნია ინტელექტუალური რესურსი. ქართული ფუნდამენტური მეცნიერული სკოლები აღიარებული იყო როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ჩვენი მეცნიერული პოტენციალი შეიძლება პრაქტიკულად იქნას გამოყენებული, თუკი მას სათანადო პირობები შეექმნება.
ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხი ახალი პრობლემების წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუთავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელე-პროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.
აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი.
სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.
სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა. ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანწყობა ჩნდება.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.
ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს.
რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას? ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი. მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავის მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში. ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.
მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.
ბავშვებისათვის შესაბამისი განათლების მიცემა განსაკუთრებით უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს. მათთვის და ჩემი ნათლულებისთვის ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას უფასო ბაგა-ბაღების, სკოლების, სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა და სპორტული წრის გახსნით. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობები.
და რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, თანადგომის გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს საქმის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და სათანადოდ დაგვეხმარება
განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან კავშირშია; მიწასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან მიმართებაში სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ადამიანს აკეთილშობილებს და კურნავს, რადგან ღმერთმა ამ სამყაროს გვირგვინად შეგვქმნა და მასზე პასუხისმგებლობაც დაგვაკისრა. ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.
ვიმედოვნებთ, ხელისუფლება [...] გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტადაც იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება.
დღეს პიროვნებამ, შეიძლება ითქვას, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა, რაც ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მეორეს მხრივ კი, კაცობრიობის სულიერმა დეგრადირებამ გამოიწვია. მას ფაქტიურად წაერთვა ყველაზე მთავარი რამ, - თავისუფლება. ადამიანი თავისი გამოგონებების მსხვერპლი გახდა და იმდენად შეიზღუდა, რომ პირადი ცხოვრებაც კი კონტროლირებადი გაუხდა. ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში არ მომხდარა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია მაგ. პლასტიკური ქირურგიის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა ბევრი დაავადების განკურნება და მძიმე ტრავმების შედეგების თითქმის სრულად გამოსწორება, ეს მისასალმებელია, თუმცა ამ დარგში მიღწევებმა ასევე შესაძლებელი გახადა სქესის შეცვლაც, რაც ღვთის განგებულებაში ადამიანის ჩარევაა და ამდენად სრულიად დაუშვებელი რამ.
იგივე შეიძლება ითქვას გენურ ინჟინერიასთან მიმართებაში. საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში, მაგრამ გენების მანიპულირებით და გენ-მოდიფიცირებული პროდუქტების შექმნით, - მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა.
ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა... ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ.
ჩვენ ყველასთან მშვიდობა გვინდა, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ისიც მჯერა, ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მათი გადარჩენა საქართველოსთან ერთობაშია და ეს დღე მით უფრო მალე დადგება, რაც უფრო მალე მოხდება მათიც და თითოეული ჩვენგანის, - საერთოდ ჩვენი საზოგადოების, შემდგომი სულიერი ამაღლება.
სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს. ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება.
[..]
მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ
ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეს სიტყვა, – ვნება, – დადებით კონტექსტში მოიხსენიება და ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით მკვიდრდება აზრი, რომ, მაგ., მრუშობა, სიცრუე, განკითხვა, დიდებისმოყვარეობა, ამპარტავნება, მამათმავლობაც კი . . . ადამიანის თვისებებია და მათში დანაშაულებრივი არაფერია. ეს ტყუილია!
ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საარსებო მინიმუმზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს; არადა საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის და, მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისათვის. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშავებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით.
[...] 2009 წლიდან სახელმწიფოს მიერ გადასახადების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კარგი ფაქტი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქცია-საურავებისაგან.
ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც.
საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც.
ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა.
ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებშიც, და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია. მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.
ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული.
სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა.
განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს).
ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლებისა ერთ_ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ.
ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს.
ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი
ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.
ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.
საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა.
ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები. ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს.
XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა „მეცნიერული“ კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ. ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.
[...]
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ;
ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი.[...]
ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს.
სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები [...] ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და, ამ მიზნით, აქ მონასტრებს აარსებს.
თანამედროვე ქართველთა შორისაც უფრო ადრეც, შემდგომაც და დღესაც იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის უკან არაფერზე იხევენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედთაც გვერდში უდგანან.
[..] მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალს და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე.
საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ.
ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.
საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა.
ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“. დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.
ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვისაც და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მე ადრეც მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, ყოვლად აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება.
სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე, დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა...
ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ, იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. არაობიექტურად მიწოდებული ისტორიის საფუძველზე, სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიქმნა, მაგალითად, ავტონომიები, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში.
ჩვენი ერის ერთიანობის უნიკალურობა ჩვენს საოცარ მრავალფეროვნებაშია. ყველა კუთხე თავისებურებებით გამოირჩევა: განსხვავებულია მათი სიმღერა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, მეტყველება, კილო; მაგრამ ამავე დროს ყოველივე ეს ერთიანი ქართული სულის განუყოფელი ნაწილია. ხასიათიც განსხვავებული გვაქვს; ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი იუმორით სავსეა, ზოგიც მკაცრი, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგი სიტყვამრავალი, ზოგი უფრო ალღოიანია, ზოგი კი დამყოლი ბუნებისა და მიამიტი...; მაგრამ ამ სხვაობის მიუხედავად, გვახასიათებს მთავარი საერთო თვისებებიც: სიყვარულის ნიჭი, მადლიერების განცდა, გულწრფელობა და სიალალე... ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, - განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, - აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე.
თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის, მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება; ძირითადად ამ გზით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს.
[...]
უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი [...]
ფაქტია, რომ ელექტრონული მასმედიით, უარყოფითთან ერთად, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება ყველა სფეროში. ამაშია გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სათანადოდ
საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია. თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი.
საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური „ჭეშმარიტებები“. მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული. [...]
როგორც ჩანს, ამ „ახალი იდეოლოგიის“ გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის… გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა „გმირების“ პოპულარიზაცია.
ფრიად სასურველია სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.
[...] დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი.
[...] კარგი იქნება, ციხეებში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებ საშიშია.
აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.
ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.
არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან სამყაროს. შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.
განწყობა უნდა შეიქმნას განათლების სისტემის აღორძინებისათვის, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მოთხოვნილების გაძლიერებისთვის, ღრმა აზროვნების დანერგვისათვის, მეცნიერების წინსვლისათვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ჯარის განმტკიცებისათვის, ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული იდეოლოგიის დაცვისათვის.
განწყობა უნდა შეიქმნას, მაგალითად, სოფლის აღორძინებისათვის, ასევე საზღვრისპირა და მთის რეგიონების განაშენიანებისათვის. რა თქმა უნდა, სათანადო ინვესტიციების მოძიებაც აუცილებელია, მაგრამ მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, წახალისებულიც.
[...] მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.
ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - „მცირე ეკლესია“
ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.
ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს.
[...]
კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.
საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.
საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.
მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. „ჰუმანისტები“ მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.
[...] პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია. ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.
ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.
შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო. დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომელის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.
თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.
ეს ხომ გმირობის ტოლფასია!
თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
[...]
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).
თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად „ბოჭავს“ ადამიანს და „თავისუფლებას“ აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან „გართობის“ მიზნით სხვადასხვა „შოუსა“ და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი „განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან“.
ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.
[...]
ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. ..ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა.
[...]
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, - გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი - ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.
შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას - სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.
მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.
მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი - სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.
უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში...
კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე [ინტერნეტ-სამორინეზე]; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა... ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.
სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები: „მე იგი ვარ... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად...“ „სიყვარული აღგვამაღლებს“.
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა
მართალია, ეკონომიკურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.
მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება. მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%; არადა ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი, უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან. სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე.
თანამედროვეობამ „სიახლის“ სახელით წინ წამოსწია „მეს“ პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე... ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.
სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა. ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.
საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.
ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები... ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა... ჩვეულებრივ მოვლენად იქცა; გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმნიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.
მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
[…]
თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.
[…]
აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში „დედა ენის“ დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია;
[...] სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; [...] სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები…
უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა.
ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.
დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგად ადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.
გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.
სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.
უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა
დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.
ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;
ამას ემატება მსოფლიოში რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი
ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას, მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა.